რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, გიორგი გოგლიძის დედა “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაშია მისი შვილი ოკუპანტების ხელში. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია და შვილთან 9 ნოემბრის შემდეგ კონტაქტი აღარ ჰქონია. მზია მახაურის თქმით, ტელევიზიით შეიტყო, რომ უკრაინაში მებრძოლი მისი შვილი აგრესორებმა დაატყვევეს და წითელ ჯვარს მიმართა:
“არაფერი არ ვიცი, თუ რა მდგომარეობაშია, ტელევიზიიდან გავიგე. სხვა არავინ დამკავშირებია და არავისთვის არ მიმიმართავს. მხოლოდ წითელ ჯვარს მივმართე, დახმარებას დამპირდნენ და მითხრეს, რომ ვნახავთ თქვენს შვილს და მდგომარეობას გაგაგებინებთო. წითელ ჯვარში ვიყავი, 4 დღის წინ.
იქნებ გამაგებინონ ჩემი შვილი რა მდგომარეობაშია და დამეხმარონ, თუ ვინმეს რამე დახმარება შეუძლია… რუსული მედიით გავიგე, ისინი ატრიალებენ ამ ვიდეოს. [სახელმწიფო უწყებები] არ დამკავშირებიან… ” ამბობს მზია მახაური.
ქართველი მებრძოლის დედა დახმარებას და შვილის დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, გიორგი გოგლიძე უკრაინაში მაისის ბოლოს წავიდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ოკუპანტებმა გასულ კვირას დაატყვევეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების რესურსი და ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.