პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების ექვს წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამხედროების ღირსება და ვაჟკაცობა ქართველი ხალხის გმირული ისტორიის გაგრძელებაა.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ : საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალს, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, ბრიგადის გენერალ როლანდ ძნელაძეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი გადაეცათ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორს, პოლკოვნიკ ირაკლი ჭითანავას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს.



































































