1 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარის, მამუკა გოგიტიძის და მოადგილეების _ მამია გოგოლაძის და გიორგი ბეჟიტაშვილის წიგნის “დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტი” პრეზენტაცია.
ნაშრომში განხილულია 1918-1921 წლების ქართული ჯარის 25 გენერლის ბიოგრაფია, 1992 წლიდან დღემდე ქართული არმიის, ფლოტის, უშიშროების, პოლიციის და სამხედრო იუსტიციის გენერალიტეტის ბიოგრაფია (სულ 202 პირი) და, აგრეთვე, 1921 წელს, ემიგრაციაში წასულ ქართველ სამხედრო მოღვაწეების ბიოგრაფიები (სულ 19 პირი), რომლებმაც მიაღწიეს გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებას სხვა ქვეყნების არმიებში.
როგორც წიგნის ავტორები განმარტავენ, ამ გამოცემაში არაა შესული ქართველი საბჭოთა გენერალიტეტი (1940-1991), იმ მოტივით, რომ მათ არაფერი საერთო არ ჰქონდათ საქართველოს დამოუკიდებლობასთან და იყვნენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლის არმიამაც დააკარგვინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალში. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის და მათთვის, ვინც იკვლევს საქართველოს და ქართველი ერის სამხედრო ისტორიის საკითხებს.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს გენერლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები, ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების წევრები. (R)