ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანჭათი რომ პრობლემატური სოფელია, ეს ახალი ამბავი არაა. არც წყალი, არც გაზი, აღარც გზა _ ეს იყო ამ სოფლის “სავიზიტო ბარათი” ბოლო დროს.
ორიოდე წლის წინ, ბუნებრივი აირი მიიღეს იქაურებმა, წელს წყლის პრობლემის მოგვარება დაიწყო და თუ ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით განვითარდა, მალე სოფელს სასმელი წყალიც ექნება. დარჩა გზა, რომელიც სწორედ რომ აქილევსის ქუსლად იქცა ჭანჭათელებისთვის. თითქოს რაღაც ეტაპზე ხელისუფლება ამ საკითხს გადაჭრის, მაგრამ მოხრეშილი მალე ნიაღვარს მიაქვს და იქაურობა ისევ ძნელად გასავლელი ხდება.
ამ ბოლო დროს ხშირი წვიმების შედეგად, ფაქტობრივად, წყალში ჩაყრილად გადაიქცა გზებზე დახარჯული თანხები და ნიაღვრებმა, ლამის, დამშრალი მდინარეების კალაპოტებად აქციეს სოფლის შარაგზები. სოციალურ ქსელშიც ამ თემაზე ბევრს საუბრობენ ადგილობრივები.
“დამშრალი მდინარის კალოპოტივით მოიქცა გზები ჭანჭათში”, _ წერს გიგა ვადაჭკორია და ჭანჭათში არსებული გზების ფოტოებსაც აქვეყნებს ფეისბუქზე.
ის, რომ სოფელ ჭანჭათში გზის პრობლემა მართლაც მოსაგვარებელია, ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი ემზარ თევდორაძეც, თუმცა, როგორც ამბობს, მას შემდეგ რაც წყლის გაყვანის სამუშაოები დამთავრდება:
“კი, მოსაწესრიგებელია, მაგრამ მალევე მოუწევს გადათხრა, წყლის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, საჭირო და აუცილებელი მოგვარდება”, _ განმარტავს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი.
თუმცა, გიგა ვადაჭკორიას აზრით, რახან წყლის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას თვეები დასჭირდება, კარგი იქნება თუ დროებით მაინც გაასწორებენ დაზიანებულ გზებს.
ავტორი