დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა და ბოლო დღეებში ინფიცირების თითო-ოროლა შემთხვევის გამოვლენა, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„მოგეხსენებათ, დღეიდან ახალი ბიზნესაქტივობები იხსნება ქვეყანაში. ამასთან, ერთ კვირაში გაიხსნება შიდა ტურიზმიც. ასე რომ, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ყველანაირი რისკის სამართავად ვიყოთ მზად. ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც კორონა არსად არ გამქრალა და ის ისევ ჩვენს გვერდითაა. ვხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით – თავშეყრის ადგილებში“,_ განაცხადა იმნაძემ.