19 აგვისტოს ჩატარებული დოღის შემდეგ ბახმაროდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას 2 დღე დასჭირდა. ამის გამო სოციალურ ქსელში უკმაყოფილების გამომხატველი არაერთი პოსტი გავრცელდა.
“გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, რომან კალანდაძემ განუცხადა, რომ სანაგვე კონტეინერების დაცლა გუშინ ღამის 11 საათზე დასრულდა.
“მანქანა, რომელიც უნდა ამოსულიყო გაფუჭდა, ამოვიდა საღამოს და ჩვეულებრივად განთავისუფლდა სანაგვე ურნები. ნაგვის გატანა ბახმაროდან ყოველ დღე ხდება, მაგრამ დოღის მერე დიდი რაოდენობით დაგროვდა. ერთი მანქანა ვერ ასწრებდა და მეორე მანქანა ჩოხატაურში რომ მოათავებდა მის საქმეს შემდეგ მოდიოდა ზემოთ. წუხელი დაახლოებით საღამოს 11 საათზე დამთავრდა სანაგვე ურნების სრული განთავისუფლება. პრობლემები იყო, მაგრამ აღმოიფხვრა”,_ ამბობს კალანდაძე.
როგორც ბახმაროში მყოფი პირებისგან ირკვევა, დასუფთავების კუთხით პრობლემა მხოლოდ ამ 2 დღის განმავლობაში არ ყოფილა და ნაგავს ხშირად წააწყდებით ტყეში, მდინარის პირას. ტერიტორია რამდენიმე ახალგაზრდამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სურვილით დაასუფთავა.
რომან კალანდაძე ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში თუ როგორ ტოვებს, ყრის კონკრეტული პირი ნარჩენს უადგილო ადგილას – განკუთვნილია ჯარიმა, მაგრამ ეს უკვე უპატრონოდ მიტოვებული ნარჩენების აღმოჩენის შემთხვევაში, არ ვრცელდება, რადგან შეუძლებელია დადგენა თუ ვინ დაყარა.