დანიაში არქეოლოგებმა ოქროს უცნაურ ნივთებს მიაგნეს. გათხრების ერთ-ერთ ადგილას მათ 2000-მდე, ოქროს პატარა სპირალი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, მათი სიგრძე საშუალოდ 3 სმ-ია და თარიღდება ძვ.წ.აღ. 900-700 წლებით.
როგორც კოპენჰაგენის ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი ფლემინგ კოლი აცხადებს, მათ ზუსტად არ იციან თუ რა აღმოაჩინეს.
„ფაქტია, რომ არ ვიცით რა და რისთვის არის ეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს მეფის ან სასულიერო პირის ტანსაცმლის ნაწილები უნდა იყოს“, _ აცხადებს კოლი.
ოქროს სპირალები კუნძულ ზელანდიაზე სლაგელსეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც ბრინჯაოს ხანის ოქროს ნივთებს მანამდეც პოულობდნენ. როგორც აღმოსავლეთ ზელანდიის მუზეუმის არქეოლოგი აცხადებს, ეს არტეფაქტები შესაძლოა იმ პერიოდის იყოს, როდესაც ადგილობრივები მზის თაყვანისმცემლობას მისდევდნენ.