გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია, გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა.
AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის დამფუძნებელი წევრები წარმოადგენენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტს – ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი.
“ასოციაციის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის განვითარებისთვის, რადგან ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე. AGA მზადაა, გახდეს გურიის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურული სივრცის ფორმირების მნიშვნელოვანი მოთამაშე და აქტიურად ითანამშრომლოს პროფესიონალ არქიტექტორებთან, ინვესტორებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.” – გვითხრა „AGA“-ს თავმჯდომარემ, კახი მენაბდემ.