საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მზადება მუზეუმის გასახსნელად 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„რვა წელია რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთ – ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, ბინა, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდო“,_ აცხადებს კეკელიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით:
„დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა, მათი ოცნებები და ანდერძი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის ევროპულ ოჯახში მიღებას უკავშირდება. ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება და აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება!“