საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
“სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს – შპს „ექსელ ელექტრონიქსს”, შპს „აითრეიდერის”, შპს „Delfos Group”-ს, შპს „აისტაილის”, შპს „სელენე”-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას”, შპს „ნიუ_ოპტიკა + – 20″-ს და მოვაჭრე ელზა წულაიას დაევალათ:
– გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ;
– მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
– უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
– ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
– შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი და ა.შ.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა – სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად”,_ აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.