ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის რეგიონში იმყოფებოდა.
ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებისას მან კომენტარი გააკეთა.
“ღრმაღელესა და ნიგვზიანში დავათვალიერეთ ბაღები, რომლებიც უკვე ორშაბათიდან მიიღებს ბავშვებს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გურიის რეგიონში აქტიურად გაგრძელდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობები და დაიწყოს ახალი მშენებლობები იქ, სადაც ამის მოთხოვნა არის.
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ გვაქვს გარკვეული პრობლემები ზოგიერთი სამშენებლო კომპანიიდან გამომდინარე შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები მალე აღმოიფხვრას და გადაწყდეს.
დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა, რომ გაზაფხულზე გურიის რეგიონის მაგისტრალი თავიდან ბოლომდე იქნება დასრულებული. ეს არის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც დავათვალიერეთ და უკვე ტურისტულ სეზონზე ამ მაგისტრალზე, გურიის მონაკვეთზე იქნება შესაძლებელი შეუფერხებელი მოძრაობა.
ასევე შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ეს არის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას მონაკვეთი, სადაც მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მეწყრული ზონები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ მეწყრული ზონები დამუშავდეს შესაბამისად და მოხდეს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა”,_ განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძის აღნიშნული განცხადება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.



































































