საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად ცნობას გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია და უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. ამასთან, თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ სირია გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ გააუქმებს.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც, ფაქტობრივად, ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გახორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდაც. ამ გადაწყვეტილებით, მათ უგულებელყვეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია გამართლებულად პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზნით, ასევე, მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ფორმატში და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ ამ უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ. საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც სირია ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს“,_ განაცხადა თალაკვაძემ.