ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონალური უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა შეიმჩნევა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2020 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქალაქის მოსახლეობამ სოფელში ინვესტირება გადაწყვიტა. ასეთ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა, ნაწილობრივ, ტურისტულმა მარშრუტებმაც გამოიწვიეს. მრავალი მცირე ზომის სასტუმრო და გესთრუმი დაემატა რეგიონებს, რაც საინვესტიციოდ მიმზიდველი წინადადებაა მაღალი ამონაგების გამო. 2022 წლიდან, ეს პროცესები უფრო მომძლავრდა და აჰყვა ქალაქში არსებული უძრავი ქონების ფასის ზრდის ტენდენციას, რაც ერთი მხრივ, განპირობებული იყო ჩრდილოეთიდან მიგრირებული მოსახლეობით და მეორე მხრივ _ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდით. ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურულმა და საგზაო პროექტებმა, რომლებმაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები უფრო მოკლე დროში მისაღწევი გახადა და დაუახლოვა ცენტრებს, პოტენციური ინვესტორისთვის უფრო მიმზიდველი გახადა ეს ტერიტორიები.
მიუხედავად ჩამოთვლილი ფაქტორებისა, დასავლეთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავაც შედარებით ხელმისაწვდომი და საინტერესეოა თავისი გეოგრაფიული, ტურისტული პოტენციალით და არა მარტო. დღეისათვის, ამ ბაზარზე, ძირითადად, საცხოვრებელი და ვაკანტური მიწის ნაკვეთები ჭარბობს; მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი კომერციული ფართები, მაგრამ მათზე მოთხოვნა გაზრდილია ქსელური სასურსათო, სამომხმარებლო მაღაზიების მოთხოვნის ფონზე, რომლებიც კომერციული ფართის მფლობელებს გრძელვადიან საიჯარო პირობებს სთავაზობენ. ტურისტულად მიმზიდველი და ჯერ კიდევ საგრძნობად იაფია ტყიბულის და შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიები. აქ სამოსახლო მიწის ნაკვეთის ფასები ცენტებიდან იწყება და 15 დოლარამდე ადის. სახლები ჯერ კიდევ ძალიან იაფია. სახელმწიფომ, წინა წლებში, საპრივატიზებოდ გამოიტანა მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ვალდებულებაში განვითარება და მოწესრიგება მოჰყვებოდა. მიმზიდველია მარტვილის და ჩხოროწყუს ტერიტორიები, შავი ზღვისპირეთი და გარშემო არსებული შემაღლებული სოფლები, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებები და ა. შ. საგულისხმოა, რომ ტურისტული უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მინიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ქუთაისის აეროპორტია. ამ აეროპორტმა თუ 2020 წელს ორასი ათასამდე მგზავრი მიიღო, 2023 წლისთვის მილიონნახევარ მგზავრზე მეტს მოემსახურა. აეროპორტის გაფართოებამ მის გარშემო ტერიტორიებზეც გაზარდა მოთხოვნა, როგორც სატრანზიტო და სასაწყობე მეურნეობების, ისე ტურისტული ზონების მოწყობის მიზნით. ქვეყნის სულ მცირე პოზიტიური ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლაც კი, დიდად წაახალისებს ამ ბაზრებს და დღევანდელი ჩადებული ინვესტიციები ინვესტორს მაღალი ამონაგებით დაუბრუნდება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას უკეთეს საცხოვრებელ პირობებს და სამუშაო ადგილებს შეუქმნის. ავტორი: „ბაზა2023“, ქონების შეფასება და ინვენტარიზაცია. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved