დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაში, ხვალიდან ამინდი გაუარესდება.
“გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ 13 სექტემბრიდან შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
“დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის გურიაშიც, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს 10, 12 გრადუსით. ხვალ მაინც ვინარჩუნებთ მაქსიმალურ ტემპერატურას დაბლობ რაიონებში +25 გრადუსს. გურიის მაღალმთიან ტერიტორიაზე, ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება დაიკლოს ხვალიდანვე +15 გრადუსამდე. 14 სექტემბერს, მაღალმთიან რაიონებში შეიძლება ღამის და დღის ტემპერატურა გათანაბრდეს. +5 გრადუსი იქნება მინიმალური ტემპერატურა და დიდად დღისით ვერ მოიმატებს. დაბლობ რაიონებში, 14 სექტემბერს მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +19, +20 გრადუსი. 15 სექტემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს მთიან და მაღალ მთიან რაიონებში. განსაკუთრებით ჰაერის ტემპერატურის მომატება იგრძნობა 16 სექტემბერს”,_ განაცხადა გვაზავამ.