საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნებში კენჭს იყრის, მისი მოკავშირე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი საზოგადოება იქნება.
,,ჩემი მოკავშირე არის მხოლოდ ქართული საზოგადოება და თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი ამოსავალი და მოკავშირე იქნება მხოლოდ ქართველი საზოგადოება. სხვათაშორის, ,,ქართული ოცნების“ ფარგლებშიც ასე იყო, მე ,,ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა მიჭერდა მხარს, მაგრამ არ ვიყავი ,,ქართული ოცნების“, როგორც პარტიის ან თუნდაც კოალიციის წევრი“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრი ისკო დასენი გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას არარეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი საპრეზიდენტო მოღვაწეობა მარცხით დაასრულა. ამასთან, ,,ქართული ოცნების“ წევრის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამჟამად თავის გამართლების რეჟიმში იმყოფება.
,,მარგველაშვილის შანსები არის ძალიან დაბალი. მე, პირადად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი მარგველაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა ჰგავდა მოხსენებას, მე მივდივარ და კარგად იყავით. არ მგონია, რომ ის სერიოზულად ფიქრობდეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ვფიქრობ, რომ მარგველაშვილს ხალხის მხარდაჭერა არ ექნება. მას დაშვებული აქვს უამრავი შეცდომა. შეწყალებული ჰყავს ისეთი ხალხი, რომლებიც ნამდვილად უნდა ყოფილიყვნენ ციხეში. ნარკოტიკების გამსაღებლების ამნისტირება არ შეიძლებოდა. ფაქტობრივად, მარგველაშვილი ახლა თავის გამართლების რეჟიმშია. საქართველოს პრეზიდენტმა იმდენი ადამიანი გამოუშვა ციხიდან, რამდენიც არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტს. მისი ფინალი ნამდვილად ფიასკო იყო“, _ განაცხადა დასენმა.
ცნობისთვის, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 5 წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს.