უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან “გურია ნიუსის”ჟურნალისტი იუწყება, დატბორილია ცენტრალური ქუჩები და ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც შემოვიდა წყალი. სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ. სამი დღის წინ უხვი ნალექი რომ მოვიდა ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის.