დილიდან გადაუღებლად წვიმს ოზურგეთში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გზა და ჭადრების ბაღის ტერიტორია ნაწილობრივ დატბორილია. არხი, რომელიც სიგრძივად გასდევს ამ ტერიტორიას, გაჭედილია და წყალი პირდაპირ საფეხმავლო გზაზე და ბაღში მიედინება. მოქალაქეების გადაადგილება ამ ნაწილში შეუძლებელია.
არხების გაწმენდაზე მუშაობენ ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
_ დილიდან ვმუშაობთ, წვიმა არ შეჩერდა და რა ვქნათ?! ვცდილობთ, გავწმინდოთ, რომ წყალს გასასვლელი ჰქონდეს, _ გვითხრა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, გივი მამალაძემ, რომელიც არხს აღმა-დაღმა დაჰყვება და ცდილობს, ამოწმინდოს სხვადასხვა საგნების თუ ფოთლის გროვები.