“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვის ჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30 კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა.
რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტოერიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს.
შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები”,_ აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.