ნინოწმინდის პანსიონატიდან, ბოლო ორ დღეში გაყვანილი მოზარდები აღმზრდელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და აღწერენ დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები ბავშვების მიმართ იყენებენ. მოზარდები ამბობენ, რომ აღმზრდელები ბავშვებს ჯოხებით სცემდნენ, ღამეებს ათენებინებდნენ.
პანსიონიდან გაყვანილ ექვს მოზარდს ელაპარაკა 6 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ის ბავშვებს მცირე ტიპის საოჯახო ტიპის სახლში შეხვდა. მან თქვა, რომ ბავშვებმა დაუდასტურეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რომელიც მათ მიმართ მცირეწლოვნების ასაკიდან ხორციელდებოდა.
ამ დრომდე უცნობია ზუსტი ინფორმაცია, რამდენი მოზარდი რჩება ნინოწმინდის პანსიონში, იგეგმება თუ არა უკლებლივ ყველა მოზარდის გაყვანა დაწესებულებიდან, როდის სრულდება მოზარდთა პანსიონიდან გაყვანის პროცესი, რამდენი ბავშვია გადაყვანილი საოჯახო ტიპის დაწესებულაბაში, რამდენი მოზარდი დაბრუნდა ოჯახში.
წყარო: რადიო თავისუფლება