შეჩერებული მშენებლობები, ურბანული სამსახურის პრობლემები და არქიტექტურის სამსახურში გახორციელებული სისტემური რეფორმა _ ეს სიკათხებია, რის შესახებაც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არქიტექტურის სამსახურში სისტემური რეფორმა, რომლის მიზანიც წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების აღმოფხვრა იყო, წარმატებით მიმდინარეობს.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი რეფორმის გახორციელება დედაქალაქის ურბანულ სამსახურშიც აუცილებელია.
მან ურბანულ სამსახურში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 2 კვირის ვადა მისცა.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან არ არის საკმარისი და მიზნის მისაღწევად დეველოპერებმა და სამშენებლო კომპანიებმაც უნდა იმოქმედონ.
„მინდა მივმართო მშენებლებს, დეველოპერებს. ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ თუ რა მდგომარეობაში მივიდა ქალაქი იმ არასწორი მშენებლობებით, შესაბამისად, რა მოთხოვნებიც აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელიც აქვს ურბანულ სამსახურს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული. ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და როგორც ხდებოდა ნებართვების გაცემა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ეს არის მოსახლეობის დაკვეთა, შესაბამისად ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იმ მოთხოვნებში, რაც არის წამოყენებული. ჩვენი მხრივ ის პრობლემები, რაც არსებობს დღეს, მალე იქნება მოგვარებული, მაგრამ თქვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა. ამ მიმართულებით, რომ ჩვენ ერთად შევინარჩუნოთ ქალაქის იერსახე“, _განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მიმართ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და სამოქმედოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სრული მხარდაჭერა აქვს.
„მინდა შევეხო წლების განმავლობაში დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებს დედაქალაქში. მქონდა საუბარი მამუკა ბახტაძესთან და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები რაც უნდა იქნას გადადგმული პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ილოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოთ გეგმა. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას, ქალაქის იერსახეს და ანტისანიტარიის ბუდედ იქცა, სწრაფად იქნას წარმოდგენილი გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს და მოვაგვაროთ ეს პრობლემები“, _განაცხადა კალაძემ.