2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა ,,გურია ნიუსისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ მმართველი გუნდი ხალხს აღარ მოუსმენდა, სააკაშვილისეულ გზას აირჩევდა და ხელისუფლების უზურპაციას მოახდენდა. გთავაზობთ 2015 წლის ივლისში ,,გურია ნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ფრაგმენტულ ამონარიდს:
“პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელისუფლება და ჩემი აზრით, კარგი პრემიერი, პარლამენტის კარგი თავმჯდომარე და არაფერი იმის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო. მე ძალიან კარგი სათადარიგო მოთამაშე ვარ. თუ მოხდა რამე კატაკლიზმა, სააკაშვილისეული რამე მოიფიქრეს და მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლების და ხალხს აღარ უსმენენ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ჩემი დაბრუნება. საბედნიეროდ, ამის ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს“, _ განაცხადა 2015 წელს ივანიშვილმა.
2018 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდა. ის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
,,პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.
სანამ ბიძინა ივანიშვილი გასცემს კითხვაზე პასუხს, ხომ არ უკავშირდება პოლიტიკაში დაბრუნება ხელისუფლების უზურპაციასა და კატაკლიზმებს? მანამდე ,,გურია ნიუსმა“ კითხვით მიმართა მმართველი გუნდის ყველაზე კრიტიკული განცხადებებით გამორჩეულ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს. ჩვენს კითხვაზე _ ბიძინა ივანშვილის განცხადებიდან გამომდინარე, არსებობდა თუ არა დღეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა? _ ჭიჭინაძე გვპასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავად ბიძინა ივანიშვილმა უნდა გასცეს.
,,დღეს პემიერ-მინისტმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვთხოვეთ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებულიყოო. მე მივესალმები და ვუერთდები ამ თხოვნას. რატომ მიიღო თავად ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება, ვფიქრობ, პარტიის ყრილობისას, შემაჯამებელ სიტყვაში იქნება გაჟღერებული. რაც შეეხება 2015 წელს ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმ შემთხვევაში თუ ეს სიტყვები მას ეკუთვნის, რადგან პოლიტიკაში დაბრუნდა, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს კითხვა თავად დაუსვათ და მისგან მიიღოთ პასუხი, სხვა შეფასებას ამ კომენტარზე ვერ გააკეთებ“, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახალი მთავრობა დაამტკიცა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. დაახლოებით, 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი ის”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.