საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს.
ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა:
“ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _ განაცხადა ალავიძემ.
ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა.
ნოდარ ჯავახიშვილი კი “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია:
_ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _ საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა.
_ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა?
_ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში.
_ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა?
_ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით.
_ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ?
_ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ.
_ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე?
_ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი.
_ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს… ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ?
_ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა “გურია ნიუსის” ზარებს არ უპასუხა.