რა თქმა უნდა, ახალი წლის შემდეგ სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, ერთხელაც არ გივარჯიშიათ, ღამის თენებამაც რამდენჯერმე მოგიწიათ და ვერც გემრიელ და ნოყიერ დელიკატესებზე თქვით უარი. ყოველივე ამან კი, ცხადია, თავისი ბეჭედი დაასვა თქვენს მხნეობას: გრძნობთ მოთენთილობას, სიმძიმეს, ხალისიანი განწყობაც სადღაც გაქრა. ვეღარც სახლის საქმეებს აბამთ თავს და სამსახურშიც გეზარებათ სიარული… ერთი სიტყვით, დასვენებით, დროსტარებითა და მსუყე კვებით დაიღალეთ. ეს მდგომარეობა არავისთვის არაა უცხო, მით უმეტეს, ასეთი ხანგრძლივი სადღესასწაულო დღეების შემდეგ. არადა, ცხოვრება სადაგ დღეებს დაუბრუნდა, თქვენს გასაკეთებელ საქმეს კი სხვა ნამდვილად ვერ გააკეთებს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ და არ შეგეძლოთ. ამიტომ, ერთადერთი გზა დაგრჩენიათ: აღიდგინოთ ენერგია, ხალისი, განწყობა, რის მისაღწევადაც, მთავარია, არც კი გაიფიქროთ ყველაფრის დამანგრეველი ფრაზა: „ამის გაკეთება მეზარება!“
მერე რა, რომ ჯერ კიდევ ბნელა. ადექით დილის 7 საათზე. თუ ამის საშუალება გაქვთ, გაისეირნეთ ველოსიპედით, 15-20 წუთი სეირნობა ისეთ ხალისს შეგმატებთ, თავადაც გაგიკვირდებათ. შემდეგ კი მიიღეთ შხაპი და სამსახურში წასასვლელად მოემზადეთ. თუ ველოსიპედი არ გაქვთ, ფეხით გაისეირნეთ – ენერგიით აგავსებთ. თუ ამის გამო ოჯახის წევრებისთვის საუზმის მომზადება ვერ მოასწარით, არც ამაზე ინაღვლოთ – თვითონ მიხედავენ თავს, ნუ გეშინიათ, მშივრები არ დარჩებიან.
შოპინგზე არანაკლები ფსიქოთერაპიაა სილამაზის სალონში კოსმეტოლოგთან და სტილისტთან ვიზიტი – ვერც კი წარმოიდგენთ, ისე მოგეხსნებათ დაღლილობა და დაძაბულობა. თანაც, მართლაც საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ კარგად გამოიყურები.