მომავლის საკითხია, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები, თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების” ხელში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კორუფციული ინტერესების მსხვერპლი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.
ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციები ჩამოშლილია.
„ეს ჩანაწერები არ ეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, არც კონკრეტულ თანამდებობის პირებს და უწყებებს. ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მომავალს, იმიტომ რომ თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იმართება, რაც საგანგაშოა.
„დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როცა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები პრაქტიკულად ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების საფუძველზე. ეს სიტუაცია საგანგაშოა. ეს არის საკითხი თითოეული ჩვენგანის მომავლის, გვაქვს თუ არა მომავალი ქართულ სახელმწიფოს, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების” ხელში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კორუფციული ინტერესების მსხვერპლი“,- განაცხდა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული მომდევნო ხელისუფლების მიერ.
„ყველა დანაშაული იქნება გამოძიებული და ეს გამოძიება გადაეცემა აშშ-ის შეერთებულ ბიუროს, რომ ეს არ იქნება შურისძიება”,-აღნიშნა ბაქრაძემ.