საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს 27-ე მინისტერიალს ეხმაურება და აცხადებს, რომ მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.
მისი განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში მიღებულია ე.წ. ხუთეულის განცხადება (ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყანა), როგორც მინისტერიალის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, სადაც პირველად მრავალი წლის შემდგომ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.
„ორგანიზაციის მოქმედი, ყოფილი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება. ასევე მინისტერიალის ფარგლებში ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) მიიღო საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ხაზგასმულია მოსკოვის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მეგობართა ჯგუფი გმობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას, მას აფასებს, როგორც საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“, – აცხადებს ზალკალიანი.






























































