„თავად მამუკა ხაზარაძესაც არ დაუმალავს, რომ „თი ბი სი ბანკიდან“წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო. ფაქტია, რომ მთელი სახელმწიფო ბერკეტები მის წინააღმდეგ არის მიმართული“, _ აღნიშნა ’’გურია ნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა, რომელიც „თიბისი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძის წასვლას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის აზრით, საქმე გვაქვს სადამსჯელო ღონისძიებასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ ახორციელებს.
„ხაზარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის საქმიდან გასვლას არ აპირებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ მამუკა პოლიტიკურ დაპირისპირებაში კიდევ უფრო მეტად ჩაებას. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეზეა გაბრაზებული და ახლა სჯის, რაც ცხადზე უცხადესია. გვახსოვს, რომ ივანიშვილმა ხაზარაძე და ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. სადამსჯელო ღონისძიების კონტექსტში, შესაძლოა ანაკლიის პორტიც იგულისხმებოდეს. ივანიშვილმა ხაზარაძე ბანკიდან ხომ გაუშვა და ახლა შეიძლება პორტის წართმევაც მოინდომოს“,_ აღნიშნავს ზურაბიშვილი.
„კითხვაზე, ბიზნესის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება რა პრობლემას არ ქმნის, პასუხის გაცემა უფრო ადვილია, ვიდრე რა პრობლემას ქმნის“.
მისივე თქმით, მოქალაეების მიმართ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბატონყმური დამოკიდებულებით ქვეყანა ვერ განვითარდება.
„ასე ქვეყანა ვერ განვითარდება, სერიოზულ პრობლემა ექმნება თითოეულ მოქალაქეს, უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციებს. ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან არ იცის პარტნიორობა. ის მხოლოდ ბატონყმურ ურთიერთობას ცნობს. თვითონ უნდა იყოს ბატონი და დანარჩენები მას უნდა ემსახურებოდნენ. ასეთ ურთიერთობებსა მიჩვეული“,_ აცხადებს ზურაბიშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მამუკა ხაზარაძეს მომავალ პოლიტიკოსად განიხილავს.
„მამუკა ხაზარაძეს შეიძლება სულ არ უნდოდეს, რომ პოლიტიკაში მოვიდეს, მაგრამ სიტუაცია აიძულებს. ის იძულებულია პოლიტიკური დაპირისპირების სივრცეში გადაიყვანოს მის მიმართ დაწესებული სამართლებრივი პროცესები.
ხაზარაძეს საზოგადოებაშიკარგი სახელი აქვს. ფინანსურადაც გააჩნია კარგი შესაძლებლობები. ქართულ პოლიტიკაში ახალ შემადგენელს შემოიტანს, რასაც ქართველი საზოგადოება მოითხოვს“,_ აღნიშნა ზურაბიშვილმა.