გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„სოფლის მეურნეობის სტრატეგიული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სექტორში მომუშავე ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროს აღნიშნული დარგის განვითარებაში უწევენ მხარდაჭერას. თხილი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. გასულ წლებში, თხილის სექტორში გვქონდა ბევრი გამოწვევა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაძლეულია და, 2020 წლის მონაცემებით, თხილი მოწინავე საექსპორტო პოზიციებს იკავებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები და ამბიცია, რომ ქართულმა თხილმა და სხვა კაკლოვანმა კულტურებმა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური ადგილი დაიმკვიდროს. ვფიქრობ, 2021 წელი იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომელიც განვლილ წლებს და არაერთი მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სათათბირო საბჭოს სხდომის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ დარგში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშები წარუდგინეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა თხილის ინდუსტრიისთვის. სახელმწიფოს, კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ქართულმა თხილმა მსოფლიო ბაზარზე პოზიციები დაიბრუნა. მიუხედავად ამისა, სექტორში კვლავ არსებობს გამოწვევები, როგორც მავნებლებისა და დაავადებების, ასევე, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის და საექსპორტო პროდუქციის რაოდენობის კუთხით. აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მუშაობა 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) როლი საქართველოში თხილის სექტორის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობაში.
სხდომის ფარგლებში, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს თხილისა და კაკლოვანი კულტურების სექტორში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებმა. დადებითად შეფასდა გასული წელი და აღნიშნა, რომ 2023-2024 წლებში თხილის მოსავლის გაორმაგებაა დაგეგმილი.
ქვეყანაში თხილის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დადებითი ტენდენციებია ნუშისა და კაკლის წარმოების კუთხით. როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს ქვეყანაში უკვე იქნება ნედლეულის ისეთი რაოდენობა, რომ ეტაპობრივად მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სავარაუდოდ, 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი.
თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-5 სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დარგში მომუშავე ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.