ადმინისტრაციულ შენობაზე ბანერის გამოფენისთვის “ნაცმოძრაობის“ წევრებს სასამართლოში უჩივიან.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ის და ბესო ქათამაძე დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არიან დაბარებულები.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “ნაცმოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ბანერი წარწერით _ “თავისუფლება მიშას“ გამოფინეს.
სწორედ ამის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩივრით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
“ოლიგარქიული მმართველობა შეიპყრო შიშმა და ეს შიში ყველაფერს გააკეთებინებს ამათ. ყველაფერს იკადრებენ, რომ ჩაახშონ პროტესტი და თავისუფალი ხმა ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არავის არ გამოუვა.
გვედავებიან იმას, რომ საკრებულოს წევრებმა გავაპროტესტეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და მშვიდობიანი გზით გამოვფინეთ ბანერი.
მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება, გადავიდეს სამოქალაქო კლინიკაში და იმკურნალოს, რისი სრული უფლებაც აქვს მას. ის, რაც დასაშვებია სხვა პატიმრებისთვის, არ არის დასაშვები მიხეილ სააკაშვილისთვის. რატომ? რადგან ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი _ ის არის ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის პატიმარი“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ადმინისტრაციულ შენობაზე ბანერის გამოფენის გამო შედგა ოქმი.
“სახელმწიფოს შენობაზე ლოზუნგის, ბანერის ან მოწოდების გაკეთება არ შეიძლება, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. ოქმი შევადგინეთ და გადავაგზავნეთ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.“ – გვითხრეს ზედამხვედველობის სამსახურში.
[sexy_author_bio]