ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძვიან და ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას, რომ ისტორია განმეორდეს და პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოკლან.
„ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. განსაკუთრებით, აი, ამ ბოლო გამოქვეყნებული კადრების შემდეგ, რაც იყო ცინიკურად გაკეთებული, ყველამ დავინახეთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გადაუმალეს მიშა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი აზრი გამოეხატა და დაეფიქსირებინა თავის პოზიცია, არამედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალიზაცია, თუ რა მდგომარეობაშია რეალურად ახლა. შესაბამისად, ჩვენ ვიბრძვით მისი ჯანმრთელობისთვის, მისი სიცოცხლისთვის და ისტორიას არ გავამეორებინებთ ხელისუფლებას, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ მოკლან პრეზიდენტი”, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.