22 წლის ჩოხატაურელი ინჟინერი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა.
სტენფორდის უნივერსიტეტმა წელს პირველად დაუშვა პრეცედენტი, აღნიშნულ პროგრამაზე მაგისტრის ხარისხის გარეშე დაეშვა სტუდენტი. ნინი გიორგაძემ 2022 წელს უმაღლესი აკადემიური მოსწრებით (Summa Cum Laude) დაამთავრა სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, წელს კი კალიფორნიაში სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა ნინიზე მიღების პირველივე ეტაპზე შეაჩერა არჩევანი და, სრულ დაფინანსებასთან ერთად, მაქსიმალური გრანტი გამოუყო. სწავლის დამთავრებამდე ეს თანხა დაახლოებით 500 000 დოლარს შეადგენს. ჩოხატაურელი სტუდენტი კალიფორნიაში სწავლას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებს და მისი კვლევის უშუალო მიმართულება განახლებადი ენერგიები იქნება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ახალგაზრდა ინჟინერს პირადად შეხვდა და მიღწეული წარმატებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადასცა. „ნინის პირადად შევხვდი და მისგან მოვისმინე, რამდენად შრომატევადი პროცესი უძღოდა წინ სტენფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას. ის ინჟინერიის დარგში უკვე სამი წელია მუშაობს და ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ თავის პროფესიულ ცოდნას ამჟამად გურიის რეგიონისთვის იყენებს, კერძოდ, „ბახვი 1 ჰესისა“ და „ბახვი 2 ჰესის“ პროექტებზე. ამასთან, ნინი დაგვპირდა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში“, _ ამბობს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved