სამტრედიელი ძიუდოისტები, ნიკოლოზ მშვიდობაძე და დავით ზაქარეიშვილი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ამის უფლება მათ ზესტაფონში გამართულ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის შედეგად მიიღეს, სადაც 2008-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობდნენ.
ნიკოლოზ მშვიდობაძემ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო დავით ზაქარეიშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოდა და პირველი ადგილი მოიპოვა. მან ფინალში ჭიათურელი თამაზ ბრეგვაძე დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის საგზური გაინაღდა.
სამტრედიელი ფალავნების მწვრთნელები არიან ბესარიონ შვანგირაძე და ავთანდილ თარგამაძე. ,,ეს იყო ყველანაირად გამორჩეული ტურნირი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ძლიერი სპორტსმენები. ასაკიდან გამომდინარე, მათ წინასწარ ჰქონდათ გამოცდები ჩაბარებული და ლიცენზია მოპოვებული, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიეღოთ.
დასავლეთ საქართველოს პირველობა სამტრედიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა ორმა ფალავანმა ჩემპიონობა და პრიზიორობა მოიპოვა.”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა მწვრთნელმა, ბესარიონ შვანგირაძემ.
ავტორი