“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი თქმით, ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებას არავითარი რეაგირება არ მოჰყვება და ბიძინა ივანიშვილის სანქციებს არავინ დაუწესებს.
მისი თქმით, ფოტიგას განცხადება, მისი ფანტაზიაა
“არაადამიანურად მას არავინ მოპყრობია, ამიტომ ფოტიგას მე ამ პოლიტიკურ განცხადებაში ვერ დავეთანხმები, რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობს ადამიანი. რატომღაც სანქციების თემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ასე ტალღასავით აწევენ ხოლმე ვიღაც პოლიტიკოსები ან მედიები, მერე მიხვდებიან, რომ არაფერი არ ხდება და ჩააცხრობენ. ისევ არაფერი მოხდება, ადრეც აუწევია საზღვარგარეთ არაერთ პოლიტიკოსს, არაფერი ამას არ მოჰყვება, ეს არის მისი ფანტაზიები”, – განცხადა დავითულიანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიწერილ წერილში, შეშფოთებას გამოთქვამს, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არა ადამიანური მოპყრობა ხორციელდება, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს.
ფოტოგამ, ასევე აღნიშნა, რომ ეს მოპყრობა პროვოცირებულია, რუსეთთან კავშირებისა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური გავლენის მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.