ალბათ გახსოვთ საბჭოთა კავშირის თასის ფინალური ორთაბრძოლა მოსკოვის „დინამოსთან“ და მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისის „დინამოს“ კარის დარაჯის გმირობა. იმ შეხვედრას ოთარ გაბელია არაერთხელ იგონებდა:
„მართლმადიდებელი ვარ, მონათლული, ღმერთი მწამს და რაც ჯიშში და გულში გაქვს, ვინ წაგართმევს კაცს?
მოსკოვში, სპარტაკიადაზე ერთი თვე ვიყავი. მერე მოსკოვის “ტორპედოსთან” გვქონდა თამაში და ოთხ დღეში თასის ფინალი იყო. ნოდარ ახალკაცმა, იმ თამაშში, დათო გოგია დააყენა კარში, მაგრამ ბოლო წუთზე ფეხი იტკინა დათომ. არ ვიცოდი დათო თუ ვერ შეძლებდა თამაშს. ჩემთვის ვარ ნომერში, ბიჭები დომინოს ვთამაშობთ და გვიან საღამოს სერგო კუტივაძემ დარეკა – მოემზადოსო.
რომ გავიგე, გაბელია მოემზადოსო, გავშეშდი. როგორია მოსკოვის “დინამოსთან” ამნაირი ამბავი?! სასწრაფოდ გავყარე ბიჭები. მთელი ღამე ფიქრისგან არ დამიძინია.
როგორც იქნა გათენდა, თამაშიც დაიწყო და ძირითადი დრო 0 – 0 დავამთავრეთ.
წინ პენალტებია. მე კი სწორედ პენალტების სერიის დაწყების წინ პირჯვარი გადავიწერე.
მაინცდამინც მე მომიშვირეს ფოტოაპარატები, ტელეკამერამაც დააფიქსირა პირჯვრის გადაწერა. იმ გაგანია კომუნისტების დროს, რავარი იყო ამისთანა რამ, მაგრამ მაშინ მაგაზე არც მიფიქრია.
მოკლედ, ქვეყანამ ნახა ჩემი “გლახა ” საქციელი.
რუსები იმან გააგიჟა, თასი რომ ავიღეთ და ჩემს პირჯვარზე გადატეხეს ჯოხი.
მაშინ, ცხონებული ჟიული შარტავა იყო კომკავშირის ცეკას მდივანი. ჰოდა, აფრინეს მოსკოვიდან ელვა – დეპეშები: „ ემუ ნე მასტერსტვო პომოგ, ა, ბოგ” – ო და რაცხა ამფერი სისულელეები.
ახლა საქართველოდან მიაელვადეპეშეს:
– დავსაჯეთ, გავაფრთხილეთ, კრებაც ჩავატარეთ, ერთი სიტყვით, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო.
არადა, პატრიარქის ყურამდეც მივიდა ჩემი პირჯვრის გადაწერის ამბავი.
რას ერჩითო, უთქვამს, უწმინდესმა მომიწონა საქციელი.
გავიდა ხანი და “დინამოელები” ილია მეორეს პირიპირ აღმოვჩნდით (ისე, არაერთხელ მივსულვართ და ლოცვა – კურთხევა მიგვიღია, რაც დიდი მადლი იყო თითოეული ჩვენგანისთვის).
დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრა და ხომ უნდა ეამბორო პატრიარქს?
ჰოდა, რომ უნდა ვეამბორო (სათითაოდ წარგვადგინეს), თვითონ გადამეხვია და გადამკოცნა.
გაოცებას ვერ ვმალავდი, ახსოვდა ის პირჯვრის გადაწერა“.






























































