წლევანდელი გაზაფხული, გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ წვიმიანია და ცვალებადი ტემპერატურით გამოირჩევა. ამიტომ უკვე დათესილ თუ დასათეს აგრარულ კულტურებს თავისებური მიდგომა სჭირდება შემდგომი ვეგეტაციის პერიოდში.
მეურნეთა დიდი ნაწილი, სოფლებში უმეტესად კვალსათბურებში ადრიანად თესავს ბოსტნეულს. ღია გრუნტში კი, უმეტესად, ტრადიციული მიდგომით, ნასესხების ჩავლის შემდეგ თესავენ.
აპრილის შუა რიცხვებიდან, ადრე დათესილი ბოსტნეულის ჩითილები, სასურველია, გადავიტანოთ ერთჯერად პლასტმასის ჭიქებში ან სპეციალურ პატარა ქოთნებში, რომელშიც წინასწარ კარგად შეზავებულ, განოყიერებულ ნიადაგს ვათავსებთ.
შემდეგ, არსებული ცივი ამინდის გამო, გადავიტანოთ დახურულ შენობაში, სადაც სინათლე და სათანადო სითბო იქნება, რომ ნერგების ერთგვარი “დამდიდრება” მოხდეს; მაისის შუა რიცხვებიდან კი ღია გრუნტში გადავიტანოთ.
გადარგვისას აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ კიტრი და პომიდორი ერთმანეთის სიახლოვეს არ დავრგოთ _ მათ თანაცხოვრება არ შეუძლიათ და ერთმანეთს აკნინებენ. რატომღაც, დღემდე, ბევრი მეურნე ამ ორ აგრარულ კულტურას გვერდი-გვერდ რგავს ან თესავს.
კიტრის სიახლოვეს სასურველია დათესოთ ლობიო, სალათი, ნიორი. ასევე, ნიახური და ოხრახუში.
წელს, წვიმიანი გაზაფხულის გამო, დაგვიანდა კარტოფილის დათესვა. სასურველია, კარტოფილის კვალის გასწვრივ პირშუშხას დათესვა, რაც ხელს უწყობს კოლორადოს ხოჭოს მოსპობას.
პომიდორის გვერდით სასურველია დათესოთ მხოლოდ სტაფილო, ნიორი, ლობიო, სალათი და ჭარხალი.
ყველასგან განცალკევებით ყოფნა კი ბადრიჯანს უყვარს. ამიტომ, თუ მის გვერდით ლობიოს და ისპანახსაც არ მოათავსებთ (რომელსაც ნაწილობრივ ეგუება), უმჯობესი იქნება.