დღეს საღამოს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს ერთი მოქალაქე. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, არასრულწოვანი. დ.გ. ორ თანასოფლელთან ერთად სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ნოემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. მათ ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდება წაუყენეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცა.
„უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“.- აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.