ერობაში ქალბატონი მაგული, დღეს რუის-ურბნისის ეპარქიაში დედა პოტამიად მოღვაწეობს. წლების წინ ისიც ემიგრანტი იყო. სამონასტრო ცხოვრებაზე ოცნებობდა.
სტამბულში, ემიგრაციაში მცხოვრები სამტრედიელი ნატალი ეგრისელი ,,გურია ნიუსის” მკითხველს იმ შთაბეჭდილებებს უზიარებს, რომელიც დედა პოტამიას თურქეთში სტუმრობას მოჰყვა:
„ერთად ავაშენოთ თბილი კერა
წლების უკან ჩვენსავით ემიგრანტი იყო ერობაში ქალბატონი მაგული (დედა პოტამია) ყოველთვის სურდა, რომ მონასტერში წასულიყო და ისევ ესტუმრა სტამბულს რუის-ურბნისის ეპარქიიდან უკვე დედაო პოტამია.
როგორც მოგეხსენებათ, დედაო ჩამოვიდა მოსალოცად, სტუმრის სტატუსით. შეხვდა ემიგრანტებს და გვაჩუქა გარკვეული დრო ნუგეშის მოსაცემად. გვესაუბრა იმ გეგმებზე, რომელსაც უთმობს მისი მოღვაწეობის დიდ დროს.
ის ცდილობს, მეუფის ლოცვა- კურთხევით და თავისი ძალით ააშენოს ,,ზღუდერის კერა” და გადაარჩინოს ქუჩაში დარჩენილი თაობა ჯანსაღი მომავლისათვის. ,,ღვთის ჯარისკაცებად”, როგორც მან უწოდა. დედა პოტამია მართლაც სასიკეთო საქმეს უდგას სათავეში . იქ მცხოვრებ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ განათლება და დაეუფლონ ხელსაქმეს.
გვესაუბრა ღვთის სიყვარულზე, რამეთუ დიდია ღვთის სიყვარული ქართველ ერში. დაგვარიგა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორ ვთესოთ სიკეთე, ერთგულება. სასიამოვნო საღამო იყო, ყველანი ბედნიერები ვიყავით. დაგვავიწყდა რამოდენიმე საათით, რომ ემიგრანტები ვიყავით. ჩვენთვის ამ გაუსაძლის დროში ეს შეხვედრა წამალივით მოგვედო, გვიმკურნალა სულზე, დაგვლოცა რუის-ურბნისის მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევით, გვაცხო ზეთი , გადმოგვცა მისი ხელით დამზადებული სკვნილები და ხატები.
ძალიან ტკბილი და მიზანდასახული ადამიანია დედაო. ჩვენ, ემიგრანტებმა სურვილი გამოვთქვით, რომ აუცილებლად გვერდით დავუდგეთ მას. უფალმა ძალა მისცეს დედა პოტამიას, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორიც ჩანაფიქრი აქვს. “