მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ, დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი ყუფარაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ გამოუტანა.
გუშინ 9 ნაფიცმა მსაჯულმა 3-ის წინააღმდეგ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყუფარაძე ნაფიცებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. გამოძიება მას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.
2014 წელს ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.
შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს, კოჯორში ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.