ორგანიზაცია “დედები შვილების დასაცავად” ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გასამართად და ადგილობრივებისთვის თავიანთი გაზეთების გადასაცემად ჭორვილაში ჩავიდნენ.
გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, უკანა გზაზე, საჩხერეში მათი მანქანა რამდენიმე ათეულმა აგრესიულმა მოქალაქემ ალყაში მოაქცია და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მისივე განცხადებით, ირინა ცააძე, მეგი გოცირიძე და მარინა გეგიძე საჩხერის პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
“ორგანიზაცია დედები შვილებისთვის წევრები, მეგი გოცირიძე, ირინა ცააძე, მარინა გეგიძე წავიდნენ ჭორვილაში. იმისათვის, რომ გაეგოთ და გადაემოწმებინათ ინფორმაცია, ნამდვილად ჭორვილაში იმყოფებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი და დაერიგებინათ გაზეთები, რომელსაც ეს ორგანიზაცია უშვებს. ისინი იყვნენ ჭორვილაში, მათ დაცვის წევრმა უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში არ იმყოფება, მიიტანეს სტაფილო და გვირგვინი და ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ უკან თბილისში. პოლიციის თანხლებით ჩავიდნენ, პოლიციის ესკორტი მიაცილებდათ. ამის შემდეგ ისინი შევიდნენ საჩხერის ბაზარში, სადაც მათ თავს დაესხა ე.წ. ტიტუშკების რაღაც ჯგუფი, მეგი გოცირიძეს წაართვეს მანქანის გასაღები, ირინა ცააძეს წაართვეს მობილური ტელეფონი და იყო სერიოზული შეხლა-შემოხლა. ველაპარაკე ირინა ცააძეს, მან მითხრა, რომ იმყოფებიან საჩხერის პოლიციაში დაკითხვაზე, ალბათ, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქონდა ადგილი საჩხერის ბაზარში“, _ განაცხადა ელისო კილაძემ.
































































