ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი, არის ლეგიტიმური და აბსოლუტურად კანონიერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდალური სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქო მეუფე სტეფანეს მიერ გატარებულ ყველა ზომას მხარდაჭერას უცხადებს და ეს გაგრძელდება.
ასევე მან აღნიშნა, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ტაძარში არ შეუშვეს, რაც შეფასებულია, როგორც ამბოხი.
„დღეს არ იყო ისეთი ფორმატის შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. აქ უფრო იყო შეფასებითი მსჯელობები. პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც ეპარქიაში მან განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური, აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომ ყველა იმ ზომის მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო. ის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ტაძარში არ შეუშვეს – ეს შეფასებულია როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, მათ ვინც, მეუფე სტეფანესგან მიიღეს სხვადასხვა ეპიტამია, მიიღონ მღვდელმთავრის მიერ განჩინებული ეპიტამია, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რომელიც ევალება სასულიერო პირს, რომ მღვდელმთავრისგან მიიღოს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელიაციას, ამას სინოდი მიიღებს და განიხილავს. სწორედ ამ აპელაციას უნდა დაელოდონ, მანამდე კი ვალდებულნი არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს, კურთხევებს დაემორჩილონ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.