დეკანოზი “ძალიან დაუძლურებულია”, _ განაცხადა ჟურნალისტებთან მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, რომელმაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროში მოინახულა.
„ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით, კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით, ჯერჯერობით, ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი, რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, _ განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატი სასულიერო პირებს მიმართავს. მისი თქმით, თუ სასულიერო პირებს არ სჯერათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს, მოვიდნენ და ნახონ ის:
„ძალიან მინიმალური მოთხოვნაა _ სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი…მამა გიორგის მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, _ განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.






























































