ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მე-13 კორპუსთან მდებარე ეზოში მემორიალის გახსნა იგეგმება, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული, რომლებიც 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ დეკანოზმა შიომ (პაიჭაძე) განუცხადა.
„პროექტი ბოლომდე ჩამოყალიბდება და ტრადიციად დავაწესებთ, რომ ყოველ შაბათს 12:00 საათზე ამ ადგილას გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი“, – აღნიშნა დეკანოზმა.
დღეს 8 ოქტომბრის ტრაგედიიდან მე-9 დღეა და სასულიერო პირებმა დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.