დელავერის რეზიდენციიდან ამერიკის პრეზიდენტის და პირველი ლედის ევაკუაცია გახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს.
„მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდა. მიღებულ იქნა სიფრთხილის ზომები. პრეზიდენტსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მოგვიანებით, მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკვე დაბრუნდნენ თავიანთ რეზიდენციაში.
ოფიციალური პირის ცნობით, აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.