დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით გამართულ აქციაზე, რომელშიც კოლეჯის მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობენ, პოლიტოლოგი გია ნოდია მივიდა.
„აქ მოვედი იმიტომ, რომ განათლების სამინისტროს ქმედებებში, ზოგადად, გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ ავტორიზაციის აკრედიტაციის მექანიზმები გამოიყენება პოლიტიკური მიზნით. ეს დაიწყო ბენდუქიძის უნივერსიტეტის დახურვის მცდელობით. თანაც ისე ხდება, რომ არჩევენ საუკეთესო სკოლებს და დაწესებულებებს. რეალური თუ მოგონილი ტექნიკური მიზეზების გამო, მათ, უბრალოდ, ხურავენ. მთავრობას არანაირად არ ერიდება, რომ ასეთი აშკარა პოლიტიკური მიზეზით, ამდენი ბავშვი, ამდენი მშობელი გაანაწყენონ და საქართველოს, როგორც ქვეყნის იმიჯს, ზიანი მიაყენონ. მე არ ვიცი, რა არის მათი სტრატეგია ამ შემთხვევაში, მაგრამ აშკარაა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, აკრედიტაცია-ავტორიზაციის მექანიზმები პოლიტიკური მიზნით გამოიყენება.
დემირელის სკოლა არის საუკეთესო კოლეჯი და მაინცდამაინც ამ საუკეთესოს ერჩიან. რაც შეეხება საბჭოში აღმოჩენილ დარღვევებს, ტექნიკურ საკითხებში ვერ ვერკვევი დასკვნა მომეჩვენა ხელოვნურად, მაგრამ თუნდაც იყოს რეალური ხარვეზები, სავსებით შესაძლებელია, შეხვიდე ნებისმიერ სკოლაში და ხარვეზები აღმოჩნდეს, მაგრამ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა უნდა მისცე და არა პირდაპირ შეეცადო სკოლის დახურვას, _ განაცხადა ნოდიამ.