დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა.
ორგანიზაციის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად”) ნორმატიული შინაარსი და მისთვის გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე) შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, ღირსებისა და თანასწორობის უფლებასთან.
“2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ კანონში შეტანილი ცვლილებები უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. მუხლში ცვლილების შეტანის დროისა და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნორმა შესაძლოა ატარებდეს შეფარულ მიზანს. ჯგუფურობის დამატებით, აქციაზე ნებისმიერი, მათ შორის, ნაკლებად ღირებული ნივთის დაზიანება წინასწარ დაუგეგმავად, თუნდაც მხოლოდ 2 პირის მიერ, გამოიწვევს პირის სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. მუხლი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ეს ჩანაწერი შესაძლოა კარგად იყოს გამოყენებული საპროტესტო მუხტის ჩასახშობად.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება კონსტიტუციასთან შეუსაბამო სისხლის სამართლის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც ადამიანს უსამართლო და არაპროპორციული სასჯელისგან დაიცავს”,_ აცხადებენ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში.