„დემოკრატმა“ კონგრესმენებმა _ ტედ ლიუმ და კეტლინ რაისმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს, _ ამის შესახებ თავად კონგრესმენი ტედ ლიუმი Twitter-ზე წერს.
„როგორც კონგრესის წევრები და წარსულში პროკურორები მივიჩნევთ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან, ბრედ რაფენსპერგერთან სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც 11 780 ბიულეტენის პოვნა ან ხმების გადათვლა მოითხოვა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება“, – დაწერა კონგრესმენმა ტედ ლიუმ Twitter-ზე.
როგორც ცნობილია, 3 იანვარს, გაზეთ The Washington Post-მა დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. სადაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა შტატში მისი გამარჯვება დამტკიცდეს.
„ყველაფერი, რის გაკეთებაც მსურს, შემდეგია: მინდა 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში. აღნიშნული აუდიოჩანაწერის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანსა და მის იურიდიულ მრჩეველს, რაიან ჯერმანის შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა მინიშნება გააკეთა, თუ რაფენსპერგერი და ჯერმანი იმ ბიულეტენებს არ იპოვნიან, რომელიც მის სასარგებლოდ იყო მიცემული, ხოლო შემდგომში განადგურებული, ისინი დანაშაულის თანამონაწილეები გახდებიან.