დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება.
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, რომ დენდროლოგიური პარკი კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, 170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
საველე სამუშაოებზე ექპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პროექტირების პროცესში.