მოხდება თუ არა იმ შენობის პრივატიზება, სადაც გურიანთის მემორიალური მუზეუმია, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ოზურგეთის მუნიციალიტეტის საკრებულოს კომისიები დაიწყებენ ადმინისტრაციულ წარმოებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსის, მალხაზ გორგოშიძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მუზეუმი ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდეს:
“იმედია, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ხალხს სურს. ჩემი კოლეგებისგან ველოდები მხარდაჭერას“_ აღნშნა საკრებულოს სხდომაზე გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია ზოიძემ.
დეპუტატ ლელა საჯაიას თქმით, მუზეუმის საკითხი ნამდვილად საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან შენობაში საგანგაშო მდგომარეობაა:
_ “იქ უბრალო რემონტიც არ არის საკმარისი, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს. დაცული ექსპონატები უნიკალური და მნიშვნელოვანია არამარტო ოზურგეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
გურიანთა დგას ნეოლითის ხანის ნასახლარზე _ ამ სოფელს აქვსუძველესი წარსულით და სჭირდება მეტი ყურადღება.
სანამ მყარი გარანტია არ გვექნება იმისა, რომ მუზეუმი გააგრძელებს ფუნქციონირებას და იქნება შექმნილი მუზეუმისთვის სათანადო პირობები, მანამდე წარმოუდგენელია ამ საკითხის წარმოება და შენობის გასხვისება _ პირიქით უნდა ვიზრუნოთ და შევინარჩუნოთ”, _ თქვა ლელა საჯაიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას განცხადებით ნუსხის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა აქტიურად უნდა ჩაერთოს.
ამავე თემაზე: 80-იან წლებში გახსნილი გურიანთის მემორიალური მუზეუმი ახალ რემონტს საჭიროებს