დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის ბოლოს, დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელიც თავისი მნიშვნელობით პირველხარისხოვანი იყო. კონკრეტულად მან წარმოადგინა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საჯარო ინფორმაციას; ასევე, წარმოადგინა მერიის მხრიდან საპასუხო წერილი.
კერძოდ, მან თქვა, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ეწერა: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 45-ე პუნქტის თანახმად, მომაწოდეთ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების შესახებ _ სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, დანიშვნის დრო“.
საპასუხოდ კი მერიისგან მიიღო წერილი, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ამიტომ ვერ მიაწოდებდნენ.
მარიკა ჩხიკვიშვილმა იურიდიული სამსახურის უფროსს, ლაშა თავაძეს მიმართა:
_ ბატონო ლაშა, როგორც თქვენ ხართ თანამდებობის პირი და ყველა ამ ინფორმაციაზე გაქვთ წვდომა, ისეთივე, თანამდებობის პირი ვარ მეც და გევალებათ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია. თუმცა, თქვენ მიგიწვდებათ ხელი პერსონალურ ინფორმაციაზე, მე _ არა. ასევე, მეკისრება მეც, რომ არ გავცე პერსონალური ინფორმაცია და ამას ვაანალიზებ. მე, როგორც საკრებულოს წევრს, უფლებამოსილების გასახორცილებლად მესაჭიროება საჯარო ინფორმაცია და არ მაძლევენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ამ ყველაფერში ხელს მიშლის. გეკითხებით, მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო საჯარო ინფორმაცია?
ლაშა თავაძემ უპასუხა, რომ საკრებულოს წევრს აქვს უფლება, მოითხოვოს ეს ინფორმაცია, თუმცა კანონში არის მითითება პერსონალური მონაცემების გაუცემლობაზე. ჩხიკვიშვილმა უპასუხა, რომ ის აანალიზებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არ გასცეს და საჯარო არ გახადოს პერსონალური ინფორმაცია, თუმცა, თავად აქვს უფლება, ფლობდეს ამ ინფორმაციას.
მარიკა ჩხიკვიშვილმა, ასევე, თქვა, რომ დღეს მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილეები არ ესწრებიან საკრებულოს სხდომას, თორემ კითხვები მათთან ექნებოდა და კვლავ გაიმეორა, მისცენ მას ინფორმაცია და ხელს ნუ უშლიან უფლებამოსილების გახორციელებაში.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ დააყენა საკითხი, რომ საკრებულოს სხდომებზე შესაბამისი დარგობრივი კურატორი, მერის მოადგილე, დაესწროს სხდომებს და უპასუხოს კითხვებს. აღნიშნულ მოთხოვნას საკრებულოს წევრები დაეთანხმნენ.