ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, ყოფილი პარლამენტარის, ზვიად კვაჭანტირაძის ფეისბუქპოსტს ეხმაურება.
“ბატონო ზვიად, ეს კერძო სამედიცინო პუნქტია, რომელიც ადამიანმა იჯარით აიღო და გახსნა, რაც გახსნა. ეს ის პიროვნებაა, რომელიც დიდი ხანია, ემსახურება ბახმაროს დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენ გვაქვს შექმნილი, ასევე, ალტერნატიული მედპუნქტი, სადაც კვალიფიცირებული მედპერსონალი გვყავს; ასევე, ბახმაროს ემსახურება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და თქვენი მხრიდან აღნიშნულზე ყურადღების გამახვილება არის, უბრალოდ, სირცხვილი, მაშინ, როდესაც დეპუტატი ბრძანდებოდით და პარლამენტის არცერთ სხდომაზე გურია და ბახმარო არ გაგხსენებიათ, _ წერს დავით შარაშიძე.
ინფორმაციისთვის, ყოფილმა პარლამენტარმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე, რამდენიმე დღის წინ პოსტი გამოაქვეყნა.
“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ეს ფოტო დღეს ბახმაროშია გადაღებული.
ქართული და ინგლისური წარწერა გვამცნობს, რომ ეს “სამედიცინო პუნქტია”.
კი , მაგრამ ასეთ საქათმეში გახსნილ სამედიცინო პუნქტს ლიცენზია აქვს?
ამ პუნქტში დღეს გადასხმაც გააკეთეს და თურმე წამლებსაც ყიდიან. ექსტრემალურ და გადაუდებელ სიტუაციაში სამედიცინო დახმარება შეიძლება ნებისმიერ პირობებში გაუწიო ადამიანს, მაგრამ , ნუთუ ამაზე უკეთესი სამედიცინო პუნქტი ბახმაროს და მის დამსვენებლებს არ ეკუთვნით?
იმ საზიზღარი საბჭოთა კავშირის დროს ბახმაროში გამართული საავადმყოფო ფუნქციონირებდა. იყო ასეთი ქალბატონი, ლელი ქერქაძე -პედიატრი, პროფესორი, რომელიც ყოველ ზაფხულს ბახმაროს საავადმყოფოში მუშაობდა. ასევე, რესპუბლიკური საავადმყოფოდან პროფესორი ღლონტი, ცნიბილი ქირურგი იყო და ბახმაროს საავადმყოფოში გადაუდებელ ოპერაციებს აკეთებდა. ბახმაროში ჩოხატაურელი კუკური ექიმი ყელზე გლანდების ოპერაციებს აკეთებდა და ხალხი ბახმაროში სპეციალურად ადიოდა გლანდებზე ოპერაციების გასაკეთებლად….. წავიდა, გადაყვა ის საავადმყოფო ძველ წყობილებას და ბოლო 30 წლის მანძილზე ახალი ამ საქათმეზე უკეთესი, როგორც ჩანს არაფერი გაკეთებულა.
ეს მარტო სირცხვილი არაა. ესაა გურიის და მისი მარგალიტის, ბახმაროს ფეხებზე დაკიდება.
შოკირებული ვარ ამ “სამედიცინო პუნქტის” შემხედვარე”, _ დაწერა კვაჭანტირაძემ.