დღეს, „გური ნიუსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, არჩილ მჟავიას ესაუბრა.
მის მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ, სადაც მან განაცხადა, რომ ამ დროისთვის დადგნილი მონაცემებით, გურიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხითაა გაზრდილი და გახდა 39, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.
_ გურიაში 14 ადგილობრივი შემთხვევაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფიცირების წყაროს როცა ვადგენთ, ადგილობრივია და არაა შემოტანილი. სულ 24 შემთხვევაა ოზურგეთში, 7 ჩოხატაურში და 8 ლანჩხუთში. რაც შეეხება პედაგოგთა რაოდენობას, ოთხი მასწავლებელია იზოლირებული. ეს არის ოზურგეთში ქვედა ბახვის, ლანჩხუთში ჩიბათის, ჩოხატაურში ზოტისა და ჩხაკაურის სკოლების მასწავლებლები, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ და დააკონკრეტა, რომ ვინაიდან ლესის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ამიტომ აღნიშნული სკოლიდან გადასული იყვნენ ჩიბათის სკოლაში. ვირუსის დადგენის შემდეგ კი გარკვეული დროით სკოლაში სწავლა შეჩერდა. ოთხივე მასწავლებელი გადაყვანილია საავადმყოფოში.
_ბატონო არჩილ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მშობლის განცხადება, რომ 48 საათის განმავლობაში ვერ მიიღო შვილის ტესტირების პასუხი. რატომ ხდება ეს?
_ ტესტირების პასუხისთვის დრო დაარეგულირა ჯანდაცვის სამინისტრომ. ტესტირების სრულ პასუხს 72 საათი სჭირდება. ეს იწვევს უკმაყოფილებას, რეკავენ ყველგან, ჩემთანაც. ჩვენ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა დღის განმავლობაში გვაქვს განსაზღვრული დრო და ყოველ საათში, რა თქმა უნდა, ვერ ვუპასუხებთ ყველას. ხოლო 12 დღით ვინც არის კარანტინში, მან უნდა გაიაროს ეს დრო ბოლომდე. როგორი პასუხიც უნდა დადგინდეს.
_კიდევ თუ დაემატა რაიმე სამ სავალდებულო მოთხოვნას, როგორ მოვიქცეთ თითოეული ჩვეგანი დღეს არსებული რეგულაციების მიხედვით?
__სამ სავალდებულო მოთხოვნას: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება ორი მეტრით მაინც , ხელების დაბანა , მეოთხეც დაემატა, _ ჩვენ თვითონ მაქსიმალურად გადავდოთ სარიტუალო ღონისძიებები. თუნდაც რამდენიმე ადამიანის შეკრება საოჯახო პირობებში. რაც უფრო კარგად, პასუხისმგებლობით დავიცავთ ამ წესებს, მით უფრო მალე დავუბრუნდებით კორონამდელი ცხოვრების რიტმს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება.
_არსებობენ ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ კორონავირუსის არსებობას, არამართებულად თვლიან პირბადის ტარებას. ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია გურიაში…
_ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებზე მე რა უნდა გითხრათ? მით უფრო, დეპუტატობის კანდიდატი თუ ასეთ რაიმეს ამბობს. ხალხის რჩეული თუ სურს რომ გახდეს, ჯერ ამ ხალხის ჯანმრთელობა უნდა აინტერესებდეს და მერე მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იფიქროს, – გვითხრა არჩილ მჟავიამ.